ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის (WB) წყლის სექტორის მისიის წევრებს - სვენ შლუმპბერგერსა და პატრიცია ლოპეს მარტინესს შეხვდა.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
გიორგი კობერიძემ ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც წყლის სექტორის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, სისტემების გამართულ ექსპლუატაციას და არსებული ქსელების განახლებას ემსახურება.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, როგორც ექსპერტული მიმართულებით - თანამედროვე მართვის სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, ასევე სექტორში საინვესტიციო მასშტაბების გაზრდის კუთხით, მათ შორის, წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და ოპერირების მიმართულებით.
შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც სრულად იქნება მორგებული საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და სექტორის განვითარებისთვის აუცილებელ პრიორიტეტებზე.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა შალიკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსოფლიო ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.